გრძელი და ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო

ყველა ქალს სურს ლამაზი, მოვლილი ხელები და ჯანმრთელი ფრჩხილები ჰქონდეს. თუმცა თანამედროვე სილამაზის სალონებში სიარულის დრო და ფუფუნება ყველას როდი აქვს.

ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, ფრჩხილები სახლის პირობებში მოიწესრიგოთ.
მაშ ასე, თუ თქვენ უკვე გამოძებნეთ 20-იოდე თავისუფალი წუთი, შეგვიძლია, დავიწყოთ:

ფრჩხილების გასამაგრებელი და მკვებავი აბაზანები:

1 ს.კ. ზღვის მარილი გახსენით 1 ჭ. თბილ წყალში. 
გააჩერეთ შიგ ხელები 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ხელები შეიმშრალეთ და ხელის (მკვებავი ან დამარბილებელი) კრემი შეიზილეთ;

2 ჩ.კ. ზღვის მარილს დაუმატეთ 3-4 წვეთი იოდი, 50 მლ. ფორთოხლის წვენი (ფორთოხალი გაწურეთ) და 50 მლ. თბილი წყალი.
ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. გააჩერეთ შიგ თითები (ისე, რომ ფრჩხილები ხსნარმა დაფაროს) 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ხელები შეიმშრალეთ და ხელის კრემი შეიზილეთ;

თანაბარი რაოდენობის ზეითუნის ზეთი და ვაშლის ძმარი ერთმანეთში აურიეთ.
ჩაყავით შიგ თითები და 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
შემდეგ ხელები შეიმშრალეთ.
ამ პროცედურის შემდეგ ხელის კრემის წასმა აუცილებელი არ არის.

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. იოდი და 1 ჭ. წყალი ერთმანეთში კარგად აურიეთ და წყლის აბაზანაზე შეათბეთ. ჩაყავით შიგ თითები და 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
შემდეგ ხელები შეიმშრალეთ და ხელის კრემი შეიზილეთ.

ზემოჩამოთვლილი აბაზანების გაკეთება რეკომენდებულია 10 დღის განმავლობაში,
კურსი შეგიძლიათ ყოველთვე, ან 2 თვეში ერთხელ გაიმეოროთ.

 

მკვებავი ნიღბები ფრჩხილებისთვის:

საკმარისი რაოდენობის ზეითუნის ზეთი ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ, ჩაამატეთ 4-5 წვეთი ლიმონის წვენი და მიღებული მასა ფრჩხილებზე კარგად შეიზილეთ.
რამდენიმე (2-3) საათით ბამბის ხელთათმანი ჩაიცვით;
შემდეგ კი ხელები თბილი წყლით დაიბანეთ.
ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-ჯერაა რეკომენდებული;

ნახევარი ჩ.კ. დაფქვილი წითელი წიწაკა მცირეოდენ წყალსა და ნებისმიერ ხელის კრემში გადაურიეთ და მიღებული მასა ფრჩხილებზე კარგად შეიზილეთ.
15-20 წუთის შემდეგ ხელები თბილი წყლით კარგად დაიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი წაისვით. აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ, თვეში მხოლოდ 1-ხელ ჩაიტაროთ.

კომბოსტოს ფურცელი (1 ფურცელი) და 1 ც. პატარა ზომის გაფცქვნილი, უმი კარტოფილი დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ს.კ. არაჟანი და კიდევ ერთხელ აურიეთ.
მიღებული მასა ფრჩხილებზე შეიზილეთ და 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.
პროცედურის შემდეგ ნიღაბი ფრჩხილიდან რძეში დასველებული ბამბით მოიცილეთ;

3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი ორთქლზე შეათბეთ, თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინები ჩაამატეთ და ფრჩხილებზე შეიზილეთ.
20 წუთის გასვლის შემდეგ ფრჩხილები, დაახლოებით, 5 წუთით ლიმონის წვენში ჩაყავით.
პროცედურის დასრულების შემდეგ ხელები და ფრჩხილები ქაღალდის ხელსახოცით გაიწმინდეთ და, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში არ დაიბანოთ.
პროფილაქტიკის მიზნით ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-ჯერაა რეკომენდებული;
თუ ფრჩხილები უკვე დაზიანებულია, მაშინ დღეგამოშვებით, მინიმუმ 10 პროცედურა მაინც უნდა ჩაიტაროთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფრჩხილებზე შესაზელად შეგიძლიათ, ნებისმიერი ხელის კრემი გამოიყენოთ, თუმცა უკეთესია, თუ სპეციალურად ფრჩხილებისთვის განკუთვნილ საშუალებას თვითონ დაამზადებთ. ჩვენ შეგვიძლია, რამდენიმე რეცეპტი შემოგთავაზოთ:

1) 1 ჩ.კ. გლიცერინი, 3 ს.კ. ვარდის წყალი და 1 ს.კ. ლიმონის წვენი ერთმანეთში კარგად აურიეთ;

2) 1 ს.კ. არგანის ზეთს დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი, თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი და ერთმანეთში კარგად აურიეთ;

3) 1 ს.კ. ჟოჟობას ზეთი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 4-5 წვეთი ლიმონის წვენი და 2 წვეთი E ვიტამინი ერთმანეთში კარგად აურიეთ.

ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან მიღებული მასა, მკვებავის ნაცვლად, ფრჩხილებზე ყოველდღიურად შეიზილეთ.
ასეთი წესით მომზადებული მკვებავი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ!

კიდევ რით უნდა გავანებივროთ ფრჩხილები?

ნუ გამოიყენებთ ფრჩხილებს არადანიშნულებისამებრ;
თუ დიდხანს რეცხვა გიწევთ, აუცილებლად წამოიცვით რეზინის ხელთათმანები;
რეგულარულად გამოიყენეთ ხელის დამარბილებელი კრემები;
არ გაიქლიბოთ ფრჩხილები ლითონის ქლიბით, შეიძინეთ რბილი ქლიბი და ფრჩხილები ნაზად დაიმუშავეთ;
ნუ წაისვამთ იაფფასიან ლაქს, ზამთარში კი უმჯობესია, თუ ლაქს საერთოდ არ გამოიყენებთ;
ლაქი წაისვით მხოლოდ მშრალ, სუფთა ფრჩხილებზე;
ეცადეთ, ლაქის მოსაცილებლად მხოლოდ უაცეტონო სითხე შეიძინოთ;
ზამთრის ცივ ამინდებში თბილი, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ხელთათმანები ატარეთ;
უპირატესობა A ვიტამინითა და კალციუმით გაჯერებულ საკვებს მიანიჭეთ.

Total Page Visits: 350 - Today Page Visits: 2

Facebook Comments