რჩევები და „მაცივრის“ ნიღბები თმის მოსავლელად

ლამაზი და ჯანმრთელი თმა ყოველთვის იქცევს ყურადღებას და ქალს მიმზიდველს და შეუდარებელს ხდის. ეს სილამაზე კი ხშირად ბუნების საჩუქარი კი არა, სწორი და რეგულარული მოვლის შედეგია.

თმას ყოველდღიური მოვლა სჭირდება.
ამისათვის კი:

1) სწორად უნდა შეარჩიოთ შამპუნი და თმის მოვლის პროფესიული საშუალებები.
2) თავი არ უნდა დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით. წყალი უნდა იყოს თბილი, ბოლოს კი გადაივლეთ ცივი წყალი. ეს გაასწორებს თმის ღერზე ქერცლებს და თმას მისცემს მბზინვარებას.
3) ხშირად ნუ იხმართ ფენს, უთოს და თერმობიგუდებს. თუ მაინც გიწევთ, ხმარების წინ დაისხით თმაზე თერმოდამცავი აეროზოლი.
4) სწორად შეარჩიეთ ჯაგრისი-სავარცხელი. დავარცხნა დაიწყეთ ბოლოებიდან და ნელ-ნელა ადით ზემოთ. განსაკუთრებით დაიცავით ეს პირობა, თუ ვარცხნით ბავშვს, რათა ამ პროცედურისადმი პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდეს.
5) კარგია ძილის წინ თმის დავარცხნა ყველა მხარეს 10-10-ჯერ (წინ-უკან-მარჯვნივ-მარცხნივ). ამით თმას დღის მტვერს მოაცილებთ, თმის ძირებში სისხლის მიმოქცევას გაიუმჯობესებთ და სტრესს მოიხსნით.
6) თმის ბოლოები 3 თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად შეისწორეთ, რათა ბოლოჭამიები არ გაგიჩნდეთ.
7) დაიცავით თმა მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობისგან – ძალიან ცივ ან ძალიან მზიან ამინდში თავსაბურავი იხმარეთ.
8) იკვებეთ სწორად – თმისთვის აუცილებელი პროდუქტებია ხორბლეული, მარცვლეული, რძემჟავა პროდუქტები, ახალი ხილი და ბოსტნეული. სვით ბევრი წყალი.
9) კვირაში ერთხელ იხმარეთ „მაცივრის“ ნიღბები, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტებით სახლის პირობებში შეგიძლიათ დაამზადოთ. გთავაზობთ რამოდენიმეს:

ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის
1/2 ჭიქა კეფირი, 1/2 ს. კ. მდოგვი და 1 ჩ.კ. დარიჩინი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ნარევი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებში, შემდეგ კი თმაზე შემოიხვიეთ ჯერ ცელოფანი და ზემოდან თავსაფარი ან პირსახოცი. გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ შამპუნით.

ნიღაბი მშრალი თმისთვის
1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. კონიაკი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. თალგამის ზეთი („რეპეინოე“) კარგად ათქვიფეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში. შემდეგ კი, ისევე როგორც ზემოთ იყო აღწერილი, თმაზე შემოიხვიეთ ჯერ ცელოფანი და ზემოდან თავსაფარი ან პირსახოცი. გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ შამპუნით. 

სავლები ცხიმიანი თმისთვის
დაფნის ნახარში (დაფნა ხარშეთ გამუქებამდე), ჩაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და გადაივლეთ დაბანის შემდეგ.

სავლები მშრალი თმისათვის
1 ს.კ. პიტნა, 1 ს.კ. გვირილა, 1 ს.კ. ჯინჭარი ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და ოდნავ წამოადუღეთ. ეს ნაყენიც გადაივლეთ დაბანის შემდეგ.

მხედველობაში მიიღეთ, რომ ერთსა და იმავე ნიღაბს თმა ეჩვევა. ამიტომ ნიღბები ხანდახან ცვალეთ. ჩვენ კი შემდეგ სტატიებში მოგაწვდით ზაფხულისთვის სეზონური ნიღბებისა და ლოსიონების რეცეპტებს.

გახსოვდეთ: ჯანმრთელი და მოვლილი თმა სილამაზის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია!

თქვენი მარი მილორავა

BODY CARE – ფალიაშვილის 41
ტელ: 218-49-82
570-90-29-89

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს.

Total Page Visits: 251 - Today Page Visits: 1

Facebook Comments