სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, კიდევ ორიბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების საკითხის შეცვლაზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ კვლავ არსებობს რისკები მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა.

ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს. ამასთან აღნიშნა, რომ არ არსებობს ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, ის მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობა არ უნდა შეიცვალოს.

ამასთან, ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს, საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადასულიყო. ამ პოზიციის მიუხედავად, მოსამართლემ საქმეზე არსებითი განხილვა 2 ოქტომბერს, 13:00 საათისთვის ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი – გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი არიან დაკავებულები.

Total Page Visits: 1117 - Today Page Visits: 2

Facebook Comments