შეღებილი თმის მოვლის ბუნებრივი საშუალებები

იმ შემთხვევაში, თუ ექსპერიმენტების მოყვარული ხართ და ხშირად იცვლით თმის ფერს, მაშინ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ახალ იმიჯს შესაძლოა, თქვენი თმის ხარისხი შეეწიროს.


საღებავისგან დაზიანებული თმის სტრუქტურის აღდგენა კი ხანგრძლივი და საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, რომელიც სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებასა და სალონებში გაუთავებელ სიარულს ითვალისწინებს. არადა, შეგიძლიათ, პრობლემა გაცილებით მარტივად – შეღებვის წესების დაცვით, სწორი მოვლითა და ბუნებრივი ნიღბების მეშვეობით მოაგვაროთ.

შეღებილი თმის მოვლის წესები

თმა შეძლებისდაგვარად იშვიათად შეიღებეთ;
ნუ გაიჩერებთ თმაზე საღებავს ანოტაციაში მითითებულ დროზე მეტხანს;
შეღებილი თმა უფრო იშვიათად დაიბანეთ (3-4 დღეში 1-ჯერ);
გამოიყენეთ სპეციალურად შეღებილი თმისთვის განკუთვნილი თმის მოვლის საშუალებები (შამპუნი, ბალზამი, კონდიციონერი და ა.შ.);
შამპუნი და კონდიციონერი აუცილებლად ერთი მარკის შეარჩიეთ;
შეღებვიდან 2 კვირა მაინც აუზზე სიარულს მოერიდეთ (ქლორიანი წყალი თმას აშრობს და ახუნებს);
შეღებვის შემდეგ 2-3 კვირა თმის ქიმიურად ნუ დაიხვევთ;
მოერიდეთ შეღებილი თმის ფენით გაშრობა-გასწორებასა და „ბიგუდებით“ დახვევას.
დღეში 2-3-ჯერ, 5-10 წუთის განმავლობაში თმა რბილი სავარცხლით ყველა მიმართულებით კარგად ივარცხნეთ (ეს ხელს უწყობს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და თმის ძირების კვებას აუმჯობესებს);
არასოდეს დაივარცხნოთ სველი თმა (ეს მათ დაზიანებასა და ცვენას გამოიწვევს).

 

შეღებილი თმის მოვლის ბუნებრივი საშუალებები

კეფირის ნიღაბი შეღებილი თმისთვის
500 მლ კეფირი და 5 ს/კ ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ;
დაამატეთ 1 კვერცხის გული და ბლენდერით ან მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

მომზადებული მასა თმაში შეიზილეთ და თავი პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ.
30 წუთის შემდეგ თავი თბილი წყლით დაიბანეთ.
აღნიშნულ პროცედურას თუ კვირაში 1-ხელ ჩაიტარებთ, თქვენი თმა სიჯანსაღესა და ბუნებრივ იერს დაიბრუნებს.

აღმდგენი ნიღაბი შეღებილი თმისთვის

2 ს/კ კონიაკი და 1 კვერცხის გული ერთმანეთში აურიეთ;
დაამატეთ 1 ს/კ თაფლი, 1 ც გახეხილი ხახვის წვენი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი (თაფლი და აბუსალათინის ზეთი წინასწარ ორთქლზე შეათბეთ).
ხახვის სუნის გასაქრობად, ნიღაბს 5-10 წვეთი რომელიმე ეთერზეთიც შეურიეთ.

წაისვით ნიღაბი თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე;
თავი პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ, 30-40 წუთის შემდეგ კი თბილი წყლითა და შამპუნით დაიბანეთ. მაქსიმალური შედეგის მისაღებად აღნიშნული პროცედურა 1 თვის მანძილზე, კვირაში 1-ხელ გაიმეორეთ.

 

ნიღაბი მშრალი და დაზიანებული თმისთვის

1-2 ც ბანანი (რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე) და 1 ცალი ავოკადო დააბლენდერეთ; დაამატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.

მიღებული მასა თმის მთელ სიგრძეზე წაისვით;
თავი პოლიეთილენის პარკით და თბილი პირსახოცით შეიფუთეთ;
1 საათის შემდეგ შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.
კარგი იქნება, თუ ამ პროცედურას კვირაში 1-ხელ გაიმეორებთ.
ეს ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს შეღებილი თმის ფენით გასწორება ან „ბიგუდებით“ დახვევა.

ნიღაბი თხელი და ქერად შეღებილი თმისთვის

1 ც. დაბლენდერებულ ბანანს რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი დაამატეთ;
მიღებული მასა მშრალ თმაზე შეიზილეთ და 30 წუთი გაიჩერეთ;
30 წუთის შემდეგ თმა შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.
აღნიშნული ნიღაბი უზრუნველყოფს გაყოფილი ბოლოების სწრაფ აღდგენას და კვებავს თმის ძირებს.

შეღებილი თმის მკვებავი ნიღაბი

1 კვერცხის გული ათქვიფეთ, დაამატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.

მიღებული მასა წაისვით მშრალ ან სველ თმაზე, 5 წუთის განმავლობაში თმის ძირებში კარგად შეიზილეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი იცავს თმას დაზიანებისგან, კვებავს მას და სწრაფ ზრდასაც ასტიმულირებს.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი

აიღეთ 1 ს/კ ალოეს წვენი, ამდენივე თაფლი, დაამატეთ 1 ჩ/კ ნივრის წვენი და კარგად აურიეთ.
წაისვით მიღებული მასა თავის კანზე, პოლიეთილენის პარკით და თბილი პირსახოცით შეიფუთეთ და 20 წუთის შედეგ შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.

ზემოჩამოთვლილი ნიღბების გარდა, შეღებილი თმის მოსავლელად ეფექტურია მცენარეული ნაყენების, ზეთებისა და ვიტამინების გამოყენება, მაგალითად:

დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ სალბის, გვირილის ან ჭინჭრის ნაყენი (ეს შეღებილ თმას ბზინვარებას ანიჭებს);
შეიზილეთ თმაზე ხორბლის, თალგამის, აბუსალათინის ან ქაცვის ზეთი, 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ (ეს ხელს უშლის თმის ბოლოების დაყოფას და თმის ცვენას აჩერებს);
კვირაში ერთხელ თმის მკურნალობა A, B და E ვიტამინებით ჩაიტარეთ – ეს ვიტამინები შეგიძლიათ, შეღებილი თმისთვის განკუთვნილ ბალზამშიც ჩაამატოთ.
ბალზამში ჩასამატებლად რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარიც გამოგადგებათ.
სპეციფიკური სუნის თავიდან ასაცილებლად, ასეთი წესით მომზადებული ბალზამი თმიდან თბილი, სოდიანი წყლით (1 ს/კ სოდა/10 ლ წყალი) უნდა ჩამოიბანოთ.

Total Page Visits: 317 - Today Page Visits: 1

Facebook Comments