ჭორფლი – ქერა და წითური ადამიანების თავსატეხი

ჭორფლთან ბრძოლის მეთოდები.

ზაფხულობით განსაკუთრებით აქტუალურია ჭორფლის თემა, რადგან ეს ერთი შეხედვით უწყინარი ლაქები სწორედ წელიწადის ამ დროს ჩნდება და უმეტესად ქერა და წითურ ადამიანებს უჩენს თავსატეხს. მართალია, ბევრი ფიქრობს, რომ ეს ღია ან მუქი ყავისფერი წვრილი ლაქები ერთგვარი ხიბლიც კია და სახეს უფრო ბავშვურ იერს ანიჭებს, მაგრამ ჭორფლიანების უმრავლესობა ამ აზრს არ იზარებს და ყველა ღონეს ხმარობს მათ მოსაშორებლად.
შემოგთავაზებთ ჭორფლის გასაუფერულებელ რამდენიმე ეფექტურ საშუალებას, რომელთა დამზადება სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ:

გაიწმინდეთ სახე ლიმნის წვენით. იმ შემთხვევაში, თუ მშრალი სახის კანი გაქვთ, ლიმნის წვენში ნახევარი წილი წყალი გადაურიეთ.

დაიბანეთ სახე მჟავე რძით, შემდეგ კი სახეზე აუცილებლად მკვებავი კრემი შეიზილეთ.

თანაბარი რაოდენობის შავი მოცხარი, მარწყვი და ჟოლო დაჭყლიტეთ, კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით, 30 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გაიწმინდეთ სახე ოხრახუშის წვენით. თუ ცხიმიანი სახის კანი გაქვთ, ოხრახუშის წვენში იმდენივე რაოდენობის რძე, ხოლო თუ მშრალი – ცოტაოდენი არაჟანი გადაურიეთ.

100 გრ. ბაბუაწვერას ყვავილს დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ გაწურეთ და მიღებული სითხით სახის კანი კაიწმინდეთ. ერთ საათში კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კარგი იქნება, თუ ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებს საღამოს, ძილის წინ ჩაიტარებთ.

ჭორფლის საწინააღმდეგო ნიღბები

ხახვის ნიღაბი
1ც. საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა გადაანაწილეთ ორ ფენა მარლას შორის და სახეზე ასე დაიდეთ.
10-15 წუთის შემდეგ სახე ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

ვაშლის ნიღაბი
1/2 გათლილი ვაშლი გახეხეთ, გააჩერეთ 5 წუთით.
რაც წვენი გამოუვა, გადაღვარეთ და გახეხილ მასას 1 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი გადაურიეთ.
მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ ან ყინულის კუბით გაიწმინდეთ.
უკეთესი იქნება, თუ ყინული ოხრახუშის ნახარშით იქნება გაკეთებული.

ნუშის ნიღაბი
100 გრ. ნუშს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 5 წუთით.
შემდეგ გადაღვარეთ წყალი, წვრილად დაჭერით ან გაატარეთ დამბალი ნუში და 1 ს.კ. ლიმნის წვენი დაამატეთ.
მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 15 წუთის შემდეგ სახე ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

თაფლის ნიღაბი
2 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. ლიმონის წვენი ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა სახეზე დაიდეთ, ზემოდან კი ანადუღარ წყალში დასველებული და გაწურული მარლა დაიფინეთ.
ნიღაბი სახეზე 15-20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, სახეზე ჯერ ზეითუნის ზეთი წაისვით და ნიღაბი შემდეგ გაიკეთეთ.

მჟაუნასა და მჟავე რძის ნიღაბი
ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ 2 ს.კ. მჟაუნას დაამატეთ 2 ს.კ. მჟავე რძე (შესაძლებელია, რძის მაგივრად მაწონი ან კეფირი გამოიყენოთ), აურიეთ და 15 წუთით სახეზე დაიდეთ.
შემდეგ კი სახე ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანოთ.

კარტოფილის ნიღაბი
1 ც. საშუალო ზომის კარტოფილი გაფცქვენით, გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ 1 ს. კ. რძე და 1. ჩ.კ. შვრია („ჰერკულესი“) და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15-20 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

არც თუ იშვიათად, ჭორფლი არა მხოლოდ სახეზე, არამედ ტანზეც ჩნდება და ჭორფლიანი ადამიანებისთვის კიდევ ერთ დამატებით საზრუნავს წარმოადგენს. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების გამოყენება აღნიშნულ პრობლემასაც ადვილად მოგივარებთ.

და კიდევ… იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჭორფლი გენეტიკის დამსახურებაა და თანდაყოლილია, მათ წინააღმდეგ ზრუნვა ჯერ კიდევ გაზაფხულის დადგომამდე უნდა დაიწყოთ.
უკვე თებერვლის მზიან ამინდებში, ქუჩაში გასვლის წინ სახე მწვანე ჩაის მუქი ნაყენით უნდა გაიწმინდოთ, რის შემდეგაც მზისგან დამცავი კრემი წაისვათ.
აუცილებელია მზის სათვალეებისა და ქუდის ტარება.
მაკიაჟის გაკეთებისას კი კარგი იქნება თუ სახეზე ტონალური კრემის და სახის პუდრის თხელ ფენას გადაისმევთ.

Total Page Visits: 306 - Today Page Visits: 1

Facebook Comments