ხვეული თმის მოვლა

ხვეული თმა ბუნების ნამდვილი საჩუქარია, მაგრამ იმისთვის, რომ ყოველთვის ჯანსაღად და მიზიდველად გამოიყურებოდეს, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ რჩევას ხვეული თმის მოსავლელად სახლის პირობებში.

ხვეული თმის დაბანისა და გაშრობის წესები
ხვეული თმის მოვლა იწყება შამპუნის სწორად შერჩევით.
იქედან გამომდინარე, რომ ხვეულ თმას ყველანაირი შამპუნით დაბანა არ უხდება, საჭიროა სპეციალურად ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნები გამოიყენოთ.
სასურველია, შამპუნი იყოს ნატურალური შემადგენლობის და ჟოჟბას ზეთს (Jojoba oil), გამამელისს (Hamamelis), ქოქოსის ზეთს (Coconut oil), თეთრი ლოტოსის (White lotus) ან ღიღილოს ყვავილის (Cornflower) ექსტრაქტს შეიცავდეს.
დაბანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ მკვებავი ბალზამი, რომელიც თმას დაარბილებს, დაატენიანებს და ბზინვარებას შემატებს.

იმისთვის, რომ დაბანის შემდეგ სასურველი ვარცხნილობის დაყენება არ გაგიჭირდეთ, საჭიროა, თმა სპეციალური წესით გაიშროთ. ამისთვის: შეარჩიეთ რბილი პირსახოცი, დაბანილი თმა წინ გადმოიყარეთ და პირსახოცი კულულებს ფრთხილად „შეახეთ“, თან „ზამბარისებურად“ – ქვემოდან ზემოთ ასწიეთ. რაც მთავარია, სამუდამოდ დაივიწყეთ თმის საშრობი (ფენი),განსაკუთრებულ შემთხვევებში კი (თუ თმის გაშრობა ძალიან გეჩქარებათ) მხოლოდ ე.წ. დიფუზორი გამოიყენეთ.

ხვეული თმის მკვებავი ნიღბები
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თმა უხეშია, კარგი იქნება პერიოდულად თმის მკვებავი ნიღბები გამოიყენოთ.
რა თქმა უნდა, ამისთვის შეგიძლიათ, რომელიმე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ ბრენდს მიმართოთ, მაგრამ მერწმუნეთ, არანაკლებ ეფექტური და, რაც მთავარია, იაფი და მარტივად მოსამზადებელი ბუნებრივი საშუალებებიც არსებობს. რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ:

ბირკავას და აბუსალათინის ზეთის ნიღაბი
ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ ბირკავას და აბუსალათინის ზეთი (თანაბარი რაოდენობით), წაისვით მშრალ, დასაბან თმაზე და 2 სთ. გაიჩერეთ. შემდეგ თმა თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
ამ ნიღბის გაკეთება შეგიძლიათ დღეგამოშვებით.

ქაცვის ზეთის ნიღაბი
აიღეთ ქაცვის ზეთი და გადაურიეთ რომელიმე სხვა მცენარეულ ზეთთან (9/1).
მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში და თავის კანზე, შემოიხვიეთ თმაზე პოლიეთილენის პარკი, ზემოდან თბილი პირსახოცი და ერთი საათით დაელოდეთ.
ამის შემდეგ თმა შამპუნით, კარგად ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი შეგიძლიათ, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ გაიკეთოთ.

მარწყვის ნიღაბი
8-9 ცალი მარწყვი კარგად დაჭყლიტეთ, დაამატეთ 1 ს.კ. მაიონეზი და თქვიფეთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა წაისვით თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.
თმაზე პოლიეთილენის პარკი ან პერგამენტის ქაღალდი შემოიხვიეთ და 30 წუთი დაელოდეთ.
შემდეგ თმა თბილი წყლითა და შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.


თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
პატარა ჯამში კარგად აურიეთ 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 100 გრ. შემთბარი, ნატურალური თაფლი.
მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე, შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის პარკით და 40-50 წუთი დაელოდეთ. ამის შემდეგ თმა თბილი წყლით (შამპუნის გარეშე) ჩამოიბანეთ.
თმის შამპუნით დაბანა მხოლოდ მომდევნო დღეს შეგიძლიათ.

კვერცხისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 2 ც. კვერცხი კარგად ათქვიფეთ.
მიღებული მასა წაისვით თმის ძირებში და მთელ სიგრძეზე, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და 50 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თმა თბილი წყლით (შამპუნის გარეშე) ჩამოიბანეთ.
თმის შამპუნით დაბანა ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ მომდევნო დღეს შეგიძლიათ.

ნიღაბი „შოკოლადი“
1 ს.კ. ჟოჟობას ზეთი, 1 ს.კ. კაკაო და 1 ჩ.კ. კონიაკი ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, თმა ჯერ პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ, ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ და 15 წუთი დაელოდეთ. ამის შემდეგაც თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ზემოთ ჩამოთვლილი თმის ნიღბების ეფექტი მოიმატებს და თმაც უკეთ დაიხვევა, თუ მათი გამოყენების შემდეგ ქერა თმას – გვირილის ნაყენით, ხოლო მუქი ფერის თმას – ლიმნიანი წყლით (1 ჩ.კ. ლიმნის წვენი /1 ლ. წყალზე) ჩამოიბანთ.

Total Page Visits: 872 - Today Page Visits: 1

Facebook Comments